3:46 PM
ერთხელაც გავიღვიძებ და ...
ერთხელაც გავიღვიძებ
და ჩემს სხეულს შეეზრდება ყვითელი ბროწეულები.

მწვანე ცა.
წითელი ზღვა.
ლურჯი ღეროები მოიბამენ თეთრ ყვავილებს,
როგორც ხეს შეზრდილი გაჭიმული სქელი მავთული..
მკვეთრი სითეთრე.
თავისუფლების დროშა კი იფრიალებს ჩემს მეხსიერებაში,
როგორც დილას პირველი მზის სხივი შენს ფანჯარაზე.

ძროხა რძის ნაცვლად მწვანე ჩაის მოიწველება,
მისი მომწველნი იქნებიან ბინძური სულის მატარებელნი,
რომლებიც მალევე გამდიდრდებიან ამ სასმისის გასაღებით,
რომელიც ერთ დროს უბრალო ხალხს გვებარა
და წაგვართვეს.

ჩემისთანებს ცხოვრება გვამზადებს
მოულოდნელი სიკვდილისთვის,
მაგრამ როგორი უსაფუძვლოც არ უნდა იყოს,
მაქვს იმედი გამონათების.
თვითონ ჭაობში ვიძირები,
მაგრამ ვფიქრობ შენს გადარჩენაზე.
ჰო, შენზე, ვინც დროს მითმობ და მკითხულობ.

ქუჩასა და მეტროში გამვლელთა სახეები მტკივა
და ვერ ვისწავლე ამ ტკივილის გააზრება
და მისგან შვების მიღება,
როგორც დოსტოევსკის უწერია,
მტკივა და რადგან არ შემიძლია მკურნალობა,
დაე მტკიოდესო,
მასავით მსურს,
ათასნაირი პირადი ტკივილისგან მივიღო სიამოვნება.

წითელი მთვარე
და ლურჯი სიყვარული.
ერთმანეთს ერევა,
როგორც კიტრს პომიდორი - ზეთთან, რეჰანთან და მარილთან,
როგორც ზღვას თევზი
და ცაზე ვარსკვლავები,
რომელიც შესაძლოა დილასაც ანათებდნენ,
უბრალოდ ჩვენ ვერ ვხედავდეთ მათ,
როგორც ოთახში ჰაერს.

კანაფის ძაფისგან მაისური.
პუერის ჩაი.
ესპრესოს სამი პორციით თითქმის სავსე ჭიქა.
ჟოლოსფერი ოცნება წვეთავს გაჭრილი გულიდან,
სისხლძარღვი ვეღარ კვებავს მის თავზე შეზრდილ გვირილებს
და ყვავილი ჭკნება.

ვიხრჩობი.
ჰაერივით მინდა ალერსი
და ერთი ფინჯანი ყავა,
რომელიც მიყრია საშაქრეში,
მომდუღებელი კი არავინ ჩანს.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 523 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: tavisufali leqsi, leqsi, ლექსი, ვერლიბრი, leqsebi, ცხოვრება, ckhovreba, თავისუფალი ლექსი, nika dzamiashvili, ნიკა ძამიაშვილი, ვერბლანი, verblani, verlibri, ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar