1:05 PM
სამი ოთხი ხუთი სამი
როდესაც საკუთარ თავსაც არ გავხარ
როგორი ემგვანები სხვას
ან რა საჭიროა ვინმეს ჰგავდე
ყველას საკუთარი მისამართი გვაქვს
თუნდაც ხვალე
შემთხვევით გადაიკვეთოს ჩვენი გზები
გავჩუმდები
და წამოვალ უკან
საიდანაც ვისწავლე ფრენა
მაგრამ ვერ გავცდი საკუთარ ქალაქს
საიდანაც ვისწავლე ხატვა
მაგრამ ჩემს გარდა არავინ იცის ამის შესახებ
საიდანაც ახლოა გამარჯვება
სულ რამდენიმე მეტრი მაშორებს მასთან
მაგრამ არ ვიცი მათემატიკა
მესმის ნაბიჯების მუსიკა
და იმ ხალხის კივილი
ვინც ვერ დადის ჩემს გვერდით
სამივე გაგებით
თუ იმის იქით წახვედი აზრებში
გამაჩერე და მეოთხე მეხუთე მეექვსე მეშვიდე
მითხარი მითხარი მითხარი
მესაუბრე
იქნებ შევძლო გავუგო საკუთარ თავს
და ამით დაგეხმარო
მე ხომ წვეთი ვარ რომელიც თმის ერთ ღერზე ჩამოგეკიდე
ან ბანაობისას
ან ქუჩაში წვიმის დროს
ან როდესაც შეგასხი წყალი
არ გახსოვს
არაუშავს ყველაფერი ხდება
დაძაბე გონება და მიხვდები პასუხს
როდესაც კითხვაც არაა დასმული
ვსაუბრობ საკუთარ თავთან ისე
ვითომ თითი მოგადე თმის იმ ღერზე
და ის წვეთი საჩვენებელზე გადავიყვანე
რომელსაც დაყვა შენი შუქი ნათელი
ის ენერგეტიკა რომელიც ფსიქიკურად ვიგრძენი
მაგრამ სიტყვები არ მეყო
ბევრჯერ ვყოფილვარ მასე და გავჩუმებულვარ
როდესაც შეიძლება შემხვევითი შერჩევით დავასახელო
სამი სიტყვა
ბროწეული
პირსახოცი
მიყვარხარ
და შესაძლოა
პირველ სამ წამში ათასობით აზრმა გამიელვოს
ამათი კავშირების შესახებ
ამაზე დავწერო ლექსი,
მოკლე მოთხრობა
ან სულაც შეიქმნას ნახატი.
ახლა ღამის სამი საათია
თუ წარმოვიდგენ ამ სამ სიტყვას სიზმრის სახით
და შევძლებ განვიხილო თუ რატომ დამესიზმრა,
ვიპოვი ასევე უამრავ პასუხს
აი ერთ-ერთი.
ჩემს ტილოზე
ლურჯი ფონზე ყვითელი ქმნის მომწვანო ეფექტს,
მწვანეს კი ისე უხდება თითქოს კოცნის
და ვხვდები უნდა გავხსნა თვალები გამოვფხიზლდე
და დავამატო ნახატს წითელი ფერი
პირსახოცი რომელიც ერთი პერიოდი იატაკის ტილოდაც მექცა
გავრეცხე და დასვრილ ხელებს მასზე ვიწმენდ
მასაც საკმაოდ გავუფერადე სული
მაგრამ არ ველოდები მისგან მადლობას
როგორც შენგან
როცა მიხვდები რომ ჯობია შეშლილის მკლავებში იწვე
ვიდრე იყო მასთან ფიქრებით
ვისთვისაც სულერთი ხარ
შეშლილისგან ყველაფერია მოსალოდნელი
გააჩნია მისი გული როგორ ძგერს
და ეს სამი სიტყვა გააერთიანა დაუმთავრებელმა ნახატმა
რისგანაც დავიწყე წერა
მოხვედი ჩემთან
მაგრამ შენ მაინც დარჩი სახლში
მე ამას ვხედავ როგორ შემიძლია შეგეხო
მე ამას ვგრძნობ
მაგრამ შენ ხარ მარტო
მაგრამ იქნები ჩემთან
და მიკარნახებ ამ ლექსის სიტყვებს
მე კი დავწერ
და მაშინ წახვალ შენ მშობლების სანახავად
როდესაც შეძლებ რომ ჩამეხუტო
ეს არაა ნორმალური
მესმის
მაგრამ არაა ხსნა
იყოს ისე როგორც მას სურს
უფალსაც და მასაც ვისზეც ვწერ ამას
მაგრამ უფლისგან განსხვავებით მას არ ესმის ჩემი
არც სიტყვა მიდის მის თვალებამდე
რადგან გზა შორია და რამდენ ჩიტმაც სცადა დახმარება
ყველა გარბოდა დაფრინავდა და ეცემოდა
ზევიდან კი მანქანა ჭყლეტდა მას
და იმ წერილს რწყავდა
უდანაშაულო შეწირული ბარტყის სისხლი
შენ კი ილოცე მათი ფრენისთვის
შენ კი ილოცე ჩემი სულისთვის
შენ კი ილოცე ჩემი სიტყვისთვის
შენ კი ილოცე ჩემთვის და შენთვის
ვინც ჩვენ გვიყვარს და ვისაც ვუყვარვართ
დიდხანს სიცოხლე და ჯანმრთელობა
მიეცი ღმერთო
მე თუ გღალატობ მიყვარს ის ჩიტი
და მსურს მასაც რომ შეეწიოს ამხელა გზაზე
ჩემს გასავლელზე
შენ კი იჯექი დაელოდე პრინცს
ანდაც უბრალოდ შეირგე მარტოობა
მალე მიხვდები რომ
ადამიანს ადამიანი სჭირდება გადასარჩენად
და ჩახუტება მიხანგრძლივებს ცხოვრების ძალას
იმედს
რომ მეორე დღე გათენდება
და მესამე დღესაც
ბავშვს მივიყვან დედასთან და ის
და მე და ბებია ჩემი
და მეორე მესამე თუნდაც
არა ბებია არამედ შვილი
მესმის რომ არავის ჩაეცინა ახლა ჩემს გარდა
მცირედი სიტყვების თამაშის შემდეგ
მინდა მოგიყვე სხვა ისტორია
რომელიც იწყება სხვა ოთხი სიტყვით
ბავშვი
სიცოცხლე
კედლის განგრევა
მალე კი განახებ სხვა რეალობას
წიგნიდან ფუნჯზე ფუნჯიდან კალამს
ავიღებ და ვწერ იმას რომ არ ხარ
შენ ის ვინც უნდა იყო
საკუთარ მეს და საკუთარ თავს და
თამაშობ იმ როლს რასაც ვერ ირგებ
შენ გიყვარს სითბო მე მიყვარს შენ და
შენი თვალები ხელები მკერდი
მე მიყვარს ისაც რომ არ ვარ კენტი
რადგანაც ისევ როგორც წუთის წინ მიჭირავს ხელი
შენი მაგრამ შენ არ გესმი ხმა
და იწერება ახალი სიტყვა
მოჰყვება მეორე მესამე მეოთხე მეხუთე
ვინ თქვა
რომ მე ვარ მხოლოდ სევდის აღმწერი კაცი
და არ შემიძლია ვიყო ბედნიერი
დავწვი
ყველა ის სიტვა რომელიც მოგწერე
იმედი
მუსიკა
ცხოვრება
კაკუნი
გული
ახლა კი ვგრძნობ თუ როგორ მძინავს
როგორ ვაღებ კარს და ჩავდივარ კიბეზე
შემდეგ მიცდება ფეხი
და კიბეზე ხუთი საფეხური აკლება უცებ
სანამ მოვიტეხდე რაიმე კიდურს
იქამდე ვგრძნობ რომ სხეულში რაღაცამ გამიელვა
ისევე როგორც სიზმარში შენს სახემ
გამაკანკალა და უცებ გავიღვიძე და დავიწყე წერა
როგორც გაყინულ თითებს დაიორქლავ
როგორც ერთ ყლუპს თამამად მოყვება მეორე
თუ გვერდზე არავინ გიდგას
მოხუცი ან ბავშვი მწყურვალი ან სველი
მშრალი ან ტბა ან თუნდაც მდინარე მტკვარი
რომელიც ინახავს უამრავ სხეულს
და წერა როგორ სიცოცხლე
სუნთქვა
და ხატვა როგორც საკვები
ხურდა
რომელსაც ითხოვ გაცვალო თუნდაც
საკუთარ ნაშრომზე რომ დღეს იყიდო პური
გაუტეხო სამ შვილს ან ხუთს და
მომღიმარი მეუღლე გკოცნიდეს უნდა
მერე იწყება ახალი ერა
ნახატი
წიგნი
ლარნაკი
და დაზეპირებული ფრაზა მიყვარხართ ყველა
და გწამს რომ შენ არ იქნები ასე
და გწამს თუ გიყვარს ხალხი შენ მაშინ
აჩუქებ შენს წიგნს ქუჩაში სადმე
მეღიმება და მახსენდება ორიათასჩვიდმეტი წელი
ჩემი პირველი წიგნი "როცა მზე ჩავა"
ჩავყვები მეც და დავიძინებ ალბათ
უძილობა მტანჯავს და თურმე ვინმეც
და ისაც მესმის რომ მსგავს შეცდომებს მე ხშირად ვუშვებ
"ვინმე" ან "თურმე" როდესაც გიყვარს
ის შენია და შენ კი მისი
მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის თურმე
და იქმნები ეს სამი სიტყვა
მონასტერი
დრო
და წიგნები
დაც ხომ სიტყვაა კავშირი თუნდაც უკვე ოთხია
მე ესაც მესმის და ასე თუ ჩაყვები ამ ლექსს
ნახავ შეცდომებს
სიტყვების თამაშს
არა შეცდენის მიზნით არამედ ალბათ
ეს ალბათ აღნიშნავს რომ საკუთარ თავში
არ ხარ დარწმუნებული მაგრამ შენ ცდილობ
დაძინებას ან ქალის სხეულის დახატვას რადგან
ვისაც რა სურს აკლია სჭირდება იმაზე წერს
და ხატავს იმავეს რისკენაც მიიღვწის
ჰოდა
შემდეგ ნახატზე იქნება პატარა ბავშვი
რომელიც ლახტზე დახტის
მე მის ღიმილს ვუყურებ
და მიხარია!..
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 466 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: გზა, გადარჩენა, საუბარი, ხუთი, კივილი, აზრი, გული, ორი, ლარნაკი, ძილი, იმედი, ფრენა, გამარჯვება, მუსიკა, მარტოობა, მათემატიკა, ოთხი, ლექსი, წიგნი, სამი, სიცოცხლე, ერთი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar