11:07 AM
* * *
როდესაც იმედიც კი უკვე ფასიანია,
მაშინ ძნელია ისაუბრო ნაგავზე,
როთაც ვიხრჩობით.

როდესაც ლაპარაკს არა აქვს აზრიც და მიზეზიც,
ნაბიჯს კი გადადგმის უფლება,
შენ კი მაინც საათობით ბოდიალობ
და ესაუბრები საკუთარ თავს.

როდესაც ხარ მსხვერპლი
და ვერ აცნობიერებ,
რადგან გიფუთავენ ამას ლამაზად
და ვერ ხვდები რომ ესაა ცხოვრება.

როდესაც შეგიძლია აკეთო არაფერი,
მაგრამ ხალხი დაარწმუნო შენი კეთების სიმართლეში.

როდესაც შეგიძლია იყო ფალოსი
და უცებ გაღიარონ.

როდესაც შეგიძლია ხელი ჩაიქნიო მაშინ,
როდესაც მთელი გზა გაიარე
და ასე ახლოს ხარ გამარჯვებასთან.

როდესაც შეგიძლია იყო მომღერალი
ხმის ამოუღებლად
და არაფერი განაღვლებდეს.

როდესაც არ შეგიძლია მართავდე საკუთარ თავს
და საჯაროდ ხალხს ატყუებდე მათ წინამძღვრობაში.

როდესაც შეგიძლია ისაუბრო ღმერთზე,
და თვითონაც არ გწამდეს ის.

როდესაც სისხლის დენას შეუძლია მოგანიჭოს სიამოვნება,
მაგრამ ვერ გაბედო მისი ჩაბარება 30 ლარად.

როდესაც ხელახლა ცხოვრების დაწყება უფრო მარტივია
ვიდრე დაჰიპნოზირებული მასიდან გამოსვლა.

როდესაც გწამს,
თუ არ იქნები სხვასთან,
ესეიგი სიმარტოვისთვის ხარ განწირული.

როდესაც ფიქრობ
და არ იცი რაზე.

როდესაც ეს ნაწერი
შემიძლია დავასრულო ისე,
რომ ყველა თქვენგანს გულზე ჩამოვუკიდო
სამი ჩასუნთქული ჰაერის სიმძიმე ტკივილი,
მაგრამ ვასრულებ მარტივად
და ბანალურად,
რადგან მინდა მარტივად გესმოდეთ ამ ნაწერის
და ჩემიც.

როდესაც ამ ყველაფერს გავდივარ და ვფიქრობ,
ვხვდები, რომ შეგუების გარდა არსებობს იმედი,
თუნდაც ათასჯერ დამჭკნარი,
ან გამხმარი,
ან მუდამ მებრძოლი,
საკუთარ მცირე ზომის ქოთანში,
რომელიც შესაძლოა ფანჯრის რაფაზე მზის სხივის მოლოდინითა
და ყოველ დილით ერთი ჭიქა წყლით საზრდოობდეს.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 821 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsi, poezia, ნიკა ძამიაშვილი, ნაწერი, nika dzamiashvili, ტკივილი, პოეზია, ყვავილი, ლექსი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar