ელექტრონულო მუსიკავ გამგუდე, მაყვირე, რადგან არ დავკარგო საკუთარი სიგიჟის მარცვალი ჩემი ამნეზირებული გონებიდან.
შეგიძლია, უცხოპლანეტელს ესაუბრო, დაჩაგრო და გაუგებრობისთვის ეჩხუბო. შესაძლოა, მან ჩაგიაროს გვერდით, კაპიუშონჩამოცმული და შენ ვერც კი შეამჩნიო.
ყველასგან განსხვავებული კაცი, ბევრი ტკივილითა და შეცდომით ტახტზე ზის და წერს, რომ ზოგჯერ ვერანაირი მუსიკა ვერ წაიკითხავს მის გონებას, როგორც არ უნდა იმოქმედოს, რადგან თვითონ არ იცის, ამ წუთს რას იზამს, უბრალოდ ხვდება, რომ ვინც უყვარს, მათ უფრო სწყენს, ვიდრე მათ, ვინც ფეხზე ჰკიდია.
ფსიქოლოგიური მუსიკაც ხომ მათზე ზემოქმედებს ვინც შეშლილია, ან დგას სიგიჟის ზღვარზე და თაგვი უღრღნის თოკს, რომ მის სულმა აიშვას, გაშიშვლდეს და გათავისუფლდეს!..
|
ჩვენ ერთად ვხეტიალობდით, მაგრამ მე ვიყავი მარტო, სანამ ხელი ჩამკიდე და გზას მიეცა გეზი..
|
ისეთს არ მიცნობ, როგორიც არ მსურს დაგინახო!..
|
მწამს, დასრულდება ეს ყინვიანი ზამთარი.
შენს ლოდინს ვერ გაუძლო ჩემს ქოთნის ყვავილმა და გახმა.
გარეთ შიშველი ხეები ერთმანეთს ეხუტებიან.
|
მე შენ გაჩუქე იები ქოთნით.
გითხარი, ბავშვივით მოგევლო მათთვის.
რა ლამაზია ის ვარდები, რომელიც სხვისი ოჯახის დასაბამია.
|
უშენობამ გამხადა მუხასავით გამძლე, მაგრამ ოდესმე ისიც ჩამოყრის ხელებს და მოკვდება.
მოდი. გადმოგცემ ერთ მუჭა სითბოს, რომელიც გაგყვება მთელი სიცოცხლე.
|
დედა აბარებს საუთარ სისხლს, რომ ბავშვს მოუხარშოს წიწიბურა და წყალში ჩაულბოს პური.
ეს ჩემი ქალაქია, სადაც დილა მზის ამოსვლის ნაცვლად, ვინმე კეთილი ძიას ნაჩუქარი ძეხვისგან გამოწვეული შვილის ღიმილით ნათდება, და მაშინ ბინდდება, როდესაც დედა ინახავს სამ-ოთხ ნაჭერს კარადაში მეორე ბედნიერი დღისთვის, თვითონ კი მორჩენილ ნამცეცებს კენკავს.
მეორე დღის გათენების იმედი მცირდება, როდესაც ბინაში ცრემლებით გაწვიმს რადგან არ გყავს ის, ვინც დაგიმარხავს ძილში გაყინულ, მშიერ ბავშს.
ბრძოლა ხორციელი გადარჩენისთვის იმდენი ძვირია, რამდენადაც სურვილი გაღიმების, ქვეყნიდან გაქცევის და უკიდეგანო ციდან ვარსკვლავის მოწყვეტის, რომელიც გადის ჩვენი უსაქმური სინდისიდან თითო ბავშვზე თითო კანფეტის ჩუქებამდე..
|
ნიკამ ნატოს გადახვია ხელი.
მე ვიგრძენი ის ოჯახური სითბო, რომელიც სასიცოცხლოდ ძლიერ მჭირდება.
წამიერი ბედნიერებისგან გამეღიმა. გვერდი ავუარე და უამრავ ხალხში, განვაგრძე უმისამართო გზა.
|
მოღრუბლულ ცაზე ჩანს სამი ნათება.
ერთი ვარსკვლავი ხარ შენ, მეორე — მე. მესამე კი თვითმფრინავია, რომელსაც გადააქვს ჩემი გრძნობა შენკენ.
ცდილობ დამამშვიდო შენი დავიწყებით.
მე კი გპასუხობ — ნუ მაჩერებ, მინდა რომ მწამდეს..
|
ჩემი სიმარტოვე გულია. შენი ლოდინი — სისხლი. სიყვარული — ზედაშე.
მოდი. ხელი ჩამკიდე. მე გაზიარებ ბედნიერების გზას და გაგრძნობინებ მის უსასრულობას.
|
მკვდრები ცოცხალი სახით გესაუბრებიან მომავალზე.
გეშინია, მაგრამ არ გსურს გამოღვიძება
რადგან იჯერებ იმ ზღაპარს, რომელიც თვითონ გამოიგონე.
|
შევედი ოთახში, სადაც მწამდა, რომ ჰაერზე მეტი სიჩუმე სუფევდა, სანამ არ შემაწუხა საკუთარმა სუნთქვის ხმამ.
ვუყურებ შენს მომღიმარ ფოტოს საიდანაც ვგრძნობ, რომ მოდის იმდენი სითბო, რაც მეყოფა შენამდე მოსასვლელად, ჩასახუტებლად
და დარჩენილს, ცხოვრების ბოლო გზაზე, ავიტან უფალთან.
|
მე იმ ქუჩების მტვერი ვარ, საიდანაც მოვდივარ.
შენ შეგიძლია სახლში მისულს, გახვიდე აივანზე და დაიფერთხო ქალაქის მტვერი.
გთხოვ, მომანიჭე თავისუფლება და დამაბრუნე საკუთარ უკედლებო სახლს.
|
როდესაც მესმის დედაჩემის სიცილი, სიამოვნებისგან მეღიმება და ვხვდები, ცხოვრებაში არის ბედნიერი წუთები, რომლებიც, არ უნდა მოიკლო ადამიანმა.
|
დღეს ჩემს ეზოში ხე მარტოსულად იდგა და თვლემდა. მეც არ მეძინა და ვამსგავსებდი ცხოვრებას ჩემსას... მე მინდა შენ რომ, გესმოდეს ხის და მომხვიო ხელი. რომ შენ გადმოგცე მე ჩემი ძალა, სანამ გავხმები.
|
მენატრები.
მონატრებას შემიძლია შეველიო მხოლოდ სიჩუმით. ეს დუმილი კი შევისისხლხორცო.
მიყვარხარ და რაც მე მაკლია, იმას ვხედაც შენს თვალებში.
|
მე ყოველდღიურად ბევრს ვლაპარაკობ საკუთარ თავთან, საკუთარ თავზე, მაგრამ არავის არ ესმის ჩემი სიჩუმის, რადგან არ მყავს, ვინც ჩამხედავს თვალებში, გაშეშდება, იტირებს და ჩამეხუტება.
|
იყავი ჩუმად.
დრო მოიტანს თავისას, ოდეს. მაგრამ როდის?
მე ახლა მინდა ჩაგეხუტო!..
|
მე. გაჩერებული საათი. კარლოს წიგნი.
სამი ჭიქა არაყი — ჩემთვის, შენთვის და მისთვის.
ღია ფანჯარა.
გაცრუებული იმედი სამჯერ უფრო მძიმეა —
ვიდრე სმა, შიმშილი და ხელჩაქნეული, ყელში ამოსული ცხოვრება.
|
მხოლოდ ბავშვის ღიმილს შეუძლია დამავიწყოს ყველაფერი და მამყოფოს ბედნიერი, იმდენი ხანი, რამდენიც გაძლებს ჩემს ხელებში.
მე ყოველ დილით, ნამძინარევ მზეს მთების შუიდან ამომიყვანდა გაღვიძებული ბავშვის ცრემლები.
ვფიქრობ, კარგი მამა ვიქნები, იდესმე ბავშვი თუ მეყოლება...
|
შენ შემეკითხე, ზამთარი როდის გავა,
მე გიპასუხე, მაშინ, როცა ჩამეხუტები.
|
არ შემიყვარო და არ დამშორდე ჩაუხუტებლად.
|
მე შევეჩვიე უშენობას, მაგრამ ვერ მოვიხდინე, ისევე, როგორც, რვა წლის წინ გაცვეთილი მაისური.
|
მე თუ გეხუტები, თითებით არ ვეძებ ჩემს დაკარგულ ნეკნს, რადგანაც ვგრძნობ, რომ ... ის შენშია.
|
მე ხშირად ვეხები შენს ქურთუკს, რადგანაც ვგრძობ იმ სითბოს, რომელიც მას შენი სხეულიდან შეაკვდა.
|
დღეს სამარშუტოში გადავუხადე ერთ ქალს მგზავრობის ფული და ორმოცდაათთეთრიანი გადმოვაგდე ფანრჯიდან.
მე არასდროს მიპოვია ქუჩაში ხურდა, მაგრამ ბევრჯერ მიმიცია სხვისთვის ამ ბედნიერების ღიმილი.
|
ფარჯიანი ხატავს, ჩარკვიანი მღერის, კაჭარავა წერს.
ეს ცხოვრება მიდის, ჩვენ გვიკიდებს ფეხზე, ეხმარება სხვებს.
ხელოვნებით ვცხოვრობთ, ჩვენ ვაგრძელებს გზას და ძარღვში სისხლი დუღს.
რა იქნება ხვალე? იცოცლებენ სხვები, ჩვენ ჩავისხამთ ლუდს.
|
შენ შეგიძლია ჩამხედო თვალებში და დაინახო მათი ფერი.
მე კი შენს დაუნახავად ვგრძნობ, ჩემი ჯერ არ დაბადებული ბავშვის გაღიმებულ სახეს.
|
საკუთარ სულში ნაპოვნი მზეც ოდესმე, ჩემს გარეშეც ამოვა, მაშინ, როდესაც კალმის ხელში დაჭერასაც კი ვერ მოვახერხებ.
მოვა დრო, მე აღარ ვიქნები, მაგრამ ჩემს წილ მზეს, მაინც ამოვიყვან თქვენს გულებში, მწამს!..
|
მე ვხატავ რაც მინდა, ანუ რასაც ვწერ და როგორც გამომდის.
უბრალოდ, ფერებია ისეთი, როგორშიც მინდა ვცხოვრობდე.
|
ვესაუბრე ნიკას.
იმხელა ძალა გადმომცა მან, რომ ჩემს ხელჩაქნეულ ცხოვრებას მიეცა აზრი და იმედი.
გავედი სახლიდან, დავითვალე ჯიბეში შემორჩენილი ხურდა და ვუყიდე ყვავილები საკუთარ თავს.
|
სად არის შენი სახლი?
ალბათ იქ, სადაც ვინმე გელის და გრძნობ სითბოს მათგან, ან იმ შიშველი კედლებიდან, რომლებსაც ერთ დროს იმეტებდი მუშტებისთვის, რომელიც მისთვის შესაძლოა, მოფერებასავით თბილი იყო. ახლა კი ამისთვისაც გეცოდება.
გადის დრო და გული გწყდება, რომ ხვდები, ეს უბრალოდ შპალერმოლამაზებული გაგაჯული ბეტონია, რომელსაც არ გააჩნია მეგობრობის უნარი.
მას შეუძლია, როგორც დაგიცვას სიცივისგან და გაცხოველებულთაგან, ასევე შეგიზღუდოს თავისუფლება.
ამ დროს კი იხედები გვერდით და ამჩნევ ფანჯარას!..
|
დამივარდა ფანქარი.
ნერვები მეტად გამებზარა, ვიდრე მას გული.
|
თვალების დახუჭვისას ვგრძნობ დედამიწის ტრიალს ტუჩებზე შერჩენილი ალუბლის არომატით.
მჭირდება მხოლოდ შენი სიახლოვე, ხელის ჩაკიდება, კოცნა.
სამწუხაროდ, მთავრდება ყველანაირი სიამოვნება გამოვდივარ თავბრუსხვევიდან, ანუ სიზმრიდან სადაც დაგკარგე და ვერ მოვასწარი ჩახუტება.
დავრჩი ისევ მარტო, საფერფლეში სრულად ჩამწვარი სიგარითა და უშენობით მფეთქავი, შენით სავსე გულით.
|
ლაშამ მითხრა — ნიკუშ, მაშინ ხარ პოეტი, როდესაც შეძლებ გაანადგურო საკუთარი საუკეთესო ლექსი.
მაშინ გამიკვირდა, ახლა კი ვხვდები ნათქვამის არსს.
ერთი დასავიწყებელი გოგო, ერთი დაუვიწყებელი მზერა და სითბოს გულისთვის დანებება. ერთხელ მის სახეზე ცრემლი.
ერთი ლიტრი არაყი. სამი ჭიქა, როგორც ყოველთვის.. ერთი კი ყოველთვის ცარიელი, მაგრამ სველი.
ჩემს წიგნაკში ერთი ამოხეული ფურცელი, მას მოჰყვა მეორე-მესამე.. და გულზეც მომეშვა.
|
მწვანე ცა და მასზე ლურჯი სიზმრები, რომელსაც თვალდახუჭული ვერ დაინახავ, ვერ შეეხები, უბრალოდ იგრძნობ, მაგრამ იცი, ოდესემე მოგიწევს თვალის დახუჭვა, სადაც გასული დღიდან დამახსოვრებულ სიმძიმეს შეებრძოლება სითბო და კინოფირის კადრებივით გაგივლის საყვარელი ხალხის სახეები, სხეული. სურვილებიც აიმღვრევა და მოგინდება რაიმე დაწერო, აზრად მოგდის ფრაზები, რომელიც ილექსება, შემდეგ გრძნობ, როგორ დგები, ეძებს კალამს მაგიდაზე, შემდეგ შარვლის ჯიბეში და აღმოაჩენ ქურთუკში. ეძებ ფურცელს და იმეორებ სიტყვებს, მწვანე ცა და მასზე ლურჯი სიზმრები რომელსაც თვალდახუჭული ვერ დაინახავ, ვერ შეეხები, უბრალოდ იგრძნობ... ამ დროს გირეკავენ, პოულობ მობილურს ხმით და გეუბნებიან რაღაც ამბავს, შენიშნავ წიგნში სანიშნად ჩადებულ ქაღალდს, ჩადებ შიგნით ფანქარს, დახურავ წიგნს, გათი
...
კითხვის გაგრძელება »
|
ყველამ იპოვა საკუთარი გზა.
მე კი გზას აცდენილი, სხვისთვის ნასროლი ტყვიასავით, რომელიც უბრალო ხელჩაქნეულ ადამიანს გულის ნაცვლად ფეხში ხვდება და აკოჭლებს.
დავდივარ. საკუთარ ერთადერთ წიგნს ერთ ღიმილსა და ჩახუტებაზე ვცლი.
... ვფიქრობ, როგორ დავამახსოვრებ თავს, საკუთარ ქალაქს?..
|
ხე ეწირება შენს დაბეჭდილ წიგნს. და ვაი, შენ, თუ ეს წიგნი არ ღირს, ერთი მცირე, მოტეხილი ტოტის ფასად.
|
მე ვუსმენ ნიჟარას და ვგრძნობ, როგორ იხრჩობი, მაგრამ ვერ გეხმარები, რადგან არ ვიცი, რომელ ზღვაში გეძებო...
|
ჩემს ყველა საიდუმლოს ფურცელი ინახავს, საიდანაც გიმჟღავნებთ ყოველდღიურ ერთფეროვნებას და თქვენს თვალებს ვადევნებ საკუთარ ცხოვრებას.
|
წლის ნებისმიერ დროს..
ყველას სჭირდება საკუთარი თოვლის ბაბუა,
ან იმის იმედი მაინც..
რომ ის არსებობს!..
|
მწველი სიცხეა. ვდგავარ ხის ჩრდილში. ქარმა გამოანათა. შევამჩნიე ცარიელი ბოთლი..
|
ჩემი დუმილი არ ნიშნავს შენს დავიწყებას. ყვირილი კი შენთან ყოფნის სურვილს.
შესაძლოა, არასდროს ვიყო შენს გვერდით, მაგრამ ყოველთვის მიყვარდე.
|
როდესაც ჩემს გვერდით ხარ, გიყურებ და ვდუმვარ. არ ვიცი რა გითხრა.
ვუსწრაფებ ფეხს და შენ მომყვები. ვჩერდები და შენც. ჩვენ ბევრი გვაქვს სასაუბრო, მაგრამ ორივე ვდუმვართ.
შენს გვერდით, ვკარგავ საკუთარ თავს, შენ კი ვერ მპოულობ.
|
მივედი დედიკოსთან.
გადაღლილი ტელევიზორს მიუჯდა, სადაც რაღაც მძაფრსიუჟეტიანი ფილმი გადიოდა.
მივუჯექი გვერდზე. ჩავკიდე ხელი. ვიგრძენი მისი გულისცემა.
შევხედე მას - შევამჩნიე სითბო და ჩამეძინა...
|
მაინტერესებს, სად მიდის ჩვენი ცხოვრება, როდესაც ჩვენ მას ვკარგავთ.
|
ვკვდები.
საკუთარ თავს არ ვიცნობ, სხვისას მითუმეტეს.
ჩემმა ყვირილმა გაჟღინთა ბინის კედლები, მაგრამ ხმა, ჯერ კიდევ ფანჯრებს იქით ვერ გასცდა.
ალბათ, მართალი ვიქნები თქვენს წინაშე, გამიგებთ და დამიჯერებთ, მაშინ, როდესაც დავტოვებ კვალს ქუჩაზე, ჩემი აივნიდან.
მჯერა, "კა-სან-დრა" ჩემს ძარღვებშია და კივის.
|
ხმელეთის ჩიტო, შენ ვერასდროს იფრენ ცაში.
შენი ცხოვრება ისეთივე სიცრუეა, როგორც ღიპიანი პოეტის ლექსი შიმშილზე.
ვხვდები, შენ ჩემსავით შესცქერი ჭერს და ოცნებობ, რადგანაც ფიქრობ,
რომ ცხოვრებაში არაფერი დაგრჩენია, ამაზე მეტი.
|
იცი, რომ ეს გულიც უფრო მეტს მოითმენს.
არ გინდა, გჯეროდეს.. ტკივილით ერთობი.
მარტო ხარ და გინდა, ვინმე რომ მოვიდეს.
კაკუნი კარებზე არ ისმის თვეობით.
|
როდესაც ვეძებდი ჩემს მსგავს ადამიანს დასამეგობრებლად, ვიპოვე საკუთარი თავი ..
|
სურვილების ხე დაიტვირთა ოცნებებით და ქარის დაბერვისას - გადატყდა.
არ ვიცი, ველოდო თუ არა, საკუთარი ნატვრის ასრულებას.
|
მკვდარი ჩიტების დაცემის ადგილზე ჩვენ ვსუნთქავთ, ვმოძრაობთ ანუ ვცოცხლობთ.
ჩვენ დავფრინავთ თვალგახელილ ოცნებში ან მხოლოდ დაუვიწყარ სიზმრებში.
და ნეტავ, როდის გავუცვლით გარემოს, მათ, ვინც ცოცხლობს ფრენისთვის?
მე შემიძლია, ნებისმიერ დროს, შევიდე ზღვის სიღრმეში და მოვიბა ფრთები.
|
შენს კარგად ყოფნას ყოველთვის ეწირება ვინმე ან რამე.
მე ჩაიდნით ავადუღე წყალი რომელიც დავასხი ორ ცალ იაფფასიან ჩაის პაკეტს, შევურიე ერთი კოვზი შაქარი და მივხვდი, რომ მან სისხლი იდინა, ჩემი სიამოვნებისთვის, ისევე, როგორც ჩემმა მეგობარმა თავი გადადო საკუთარი შვილის ახლადშექმნილი ოჯახის გამოსაკვებად.
სამწუხაროა, ის რომ ღერი სიგარეტი, ნატეხი პური და ყავა, ერთჯერადი მოხმარებისთვის, უფრო ახლოს არის ჩვენთან, ვიდრე ისინი, ვინც გვიყვარს, ვუყვარვართ, ვისთვისაც ვცოცხლობთ და თავებს ვერ ვიმეტებთ მოსაკლავად.
|
მე მწამს იმ ნახატის, სიმღერის, ნათქვამი ან დაწერილი სიტყვის, რომელშიც ჯერ კიდევ შემორჩა ორი გრამი პოეზია, როგორც გამოსაწრუპად დარჩენილი ლუდის წვეთები ბოთლზე ხაზებად.
|
საწუხაროდ, გვიან შევამჩნიე, რომ შენში ნაპოვნი ბედნიერება აღმოჩნდა საკუთარი.
სიხარულს გვანიჭებს სიამოვნება, რომელიც იშვიათდება.
|
მე ვარ მსხვერპლი.
მე არ მინდოდა განათლება, მითუმეტეს ტექნიკური.
მე არ მინდოდა განშორება, მითუმეტეს ვინც მიყვარს, მასთან.
მე არ მინდოდა ჭაღარა თმაში.
მე არ მინდოდა დიდი ლოდინი — ასეთი მცირე ხელფასის, მე არ მინდოდა ვალები და მასზე ნერვიულობა.
მე არ მინდოდა ხის მოჭრა, თუნდაც ძვალ-ტყავში წყალდამშრალი ბებრის, — ღუმელში დასაწვავად.
მე არ მინდოდა შენს სახეზე ცრემლი, შენვე მოგეწმინდა. მე არ მინდოდა საერთოდ რომ გაგჩენოდა ცრემლი.
მე არ მინდოდა საკუთარი ცხოვრება გამეუპატიურებინა.
მე არ მინდოდა მეწერა ლექსები, მაგრამ ვგრძნობ, რომ წერა ისე მჭირდება, როგორც ჰაერი, წყალი და ნატეხი პური.
მე არ მინდოდა ჩემი ბედი სხვას დაეწერა.
|
მე ტყვია არ მენანება მათთვის, ვინც უბრალო ადამიანის წინააღმდეგ უკანალს ულოკავენ იმ მმართველს, ვისაც ხალხი საერთოდ არ ანაღვლებს და მხოლოდ საკუთარი სკამისთვის იბრძვის.
მწამს, ერთ ღერ სიგარეტს ბევრად მეტი ფასი აქვს, ვიდრე მათ, ვინც უამრავ ხალხს კვებავს შეუსრულებელი დაპირებებით.
|
ბრმამ ჯოხის დახმარებით მოგაკითხა სახლში.
შემოუშვი.
წასვლისას კი აღმოაჩინე საკუთარი საფულის უქონლობა.
|
|